ზუგდიდის სააღდგომო ფესტივალში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში შოთა რუსთაველის საიუბილეო 850 წლისთავისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე სააღდგომო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევითა და წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის ორგანიზებით მოეწყო. 


ფესტივალის ფარგლებში სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები გამოიფინა. ფესტივალს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია და მათ ფესტივალის მონაწილე აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.


ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ვახტანგ ყოლბაიას ღვთისმშობლის კვართის ასლის ხატი გადასცა.


ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, ზუგდიდის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია და გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია.