აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელა „ივენთ ჰოლ ქარვასლაში“ საფესტივალო კონცერტის ფარგლებში გამოვიდა

„ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და ქართული ესტრადის ცნობილ მომღერლებთან ერთად“, ასე ერქვა კონცერტს, რომელიც „ივენთ ჰოლ ქარვასლაში“ „თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართა. კონცერტზე აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელასთან ერთად, კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელის ზვიად ბოლქვაძის საგუნდო ინტერპრეტაციებით, უკვდავი ქართული სიმღერები შეასრულეს ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა: ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, ნუკრი კაპანაძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, ეკა მამალაძემ, ნეკა სებისკვერაძემ, ოთო ნემსაძემ და ნოდიკო ტატიშვილმა.


„თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ უკვე მერვე წელია დიდი წარმატებით ტარდება და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის, კულტურულ ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის. მისი მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისათვის.

წლეულს ფესტივალი 28 პროფესიულ გუნდი მასპინძლობს. მათ შორისაა აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელა, რომელიც ფესტივალში მეექვსედ მონაწილეობს. თბილისის III საერთაშორისო ფესტივალი 2018 წლის 16 აპრილს დაიწყო და 12 მაისამდე გასტანს.

„ივენთ ჰოლ ქარვასლაში“ გამართულ საფესტივალო კონცერტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მუსიკოსები და მუსიკისმოყვარულები ესწრებოდნენ.