აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთმა“, აფხაზეთის დღის აღნიშვნის ფარგლებში, საიუბილეო კონცერტი გამართა

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთმა“, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისა და „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლის დაარსების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საანგარიშო კონცერტი გამართა.

ანსამბლს იუბილე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. მიხეილ გიორგაძემ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელს ლევან ღვინჯილიას ხელოვნების ქურუმის ჯილდო გადასცა, ხოლო ანსამბლის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ.

საიუბილეო საღამოს დასაწყისში დამსწეთ ანსამბლის 40 წლიანი ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი უჩვენეს. ანსამბლი მაყურებლის წინაშე ამჯერად განახლებული პროგრამით წარსდგა. კონცერტის ბოლოს კი ანსამბლის ყოფილ და მოქმედ წევრებს საპატიო ჯილდოები გადაეცათ, კერძოდ  ანსამბლის ვეტერან წევრებს - საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენები, ხოლო აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილ მთავარ ქორეოგრაფს, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარეს თეიმურაზ დარჯანიას და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფს, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს სერგო გეგეჭკორს -  საქართველოს ქორეოგრაფიის „ბრწყინვალების ორდენი“.

ანსამბლ „აფხაზეთის“ საიუბილეო-საანგარიშო კონცერტს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთიდან დევნილი და არადევნილი საზოგადოება დაესწრო.