აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ საგურამოში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საღამო ჩაატარა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს აგრძელებს.  ამჯერად სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“ ორგანიზებით,  საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა  შემოქმედებითი საღამო, რომლის მხარდამჭერები იყვნენ ქ. თბილისის მერია და აფხაზეთის ა/რ მთავრობა.

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო  იუბილესადმი მიძღვნილი   ნახატები, ხელთნაკეთი ნივთები,  ნაქარგები და ა.შ. მოზარდებმა წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები, ესსები, წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „ჩემი სამშობლო ჩემი გულია“.  გიორგი უშიკიშვილის  ფოლკლორული სკოლის მომღერლებმა კი ქართული, აფხაზური და ლაზური სიმღერები შეასრულეს.

დასასრულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ ღონისძიების მონაწილეებს თბილისის საკრებულოსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპეციალური დიპლომები და საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სტუდენტები, მოზარდები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.