ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი „გლოუ ბანაკის“ პროექტში ჩაერთო

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში არასამთავრობო ორგანიზაცია „გლოუ საქართველო“-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პროექტში – „გლოუ ბანაკი“, რომლის მიზანია საქართველოში გოგონების თვალსაწიერის გაფართოვება, განათლების, გაღრმავება, გამოცდილების გამდიდრება და გაძლიერება მათში ლიდერული უნარჩვევების განვითარების გზით, იძულებით  გადაადგილებულ პირთა ჩართულობის საკითხი განიხილეს. გადაწყდა, რომ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის მიზნით უზრუნველყოფს საინფორმაციო შეხვედრებს  ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ჩართულობის გაზრდაზე და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაზე.

ერთობლივი პროექტის – „გლოუ ბანაკი“-ს ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები პროექტის შექმნისა და მართვის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და მოხალისეობის შესახებ. ასევე კონცენტრირდებიან ისეთი კონკრეტული ლიდერული უნარების განვითარებაზე, როგორიცაა ამოცანების გადაწყვეტა, პრობლემების გადაჭრა, მიზნების დასახვა, გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია და სხვა. ამავდროულად, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, ერთად მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს, განიხილონ ისეთ საკითხები, როგორიცაა გენდერული როლები, ქალებზე ძალადობა და ქალთა უფლებები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ტოლერანტობა, მიმღებლობა და თვითშეფასება.

ერთ კვირიანი გლოუ ბანაკი განკუთვნილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობისა თუ ეთნიკური კუთვნილების 14–17 წლის ასაკის გოგონებისთვის. „გლოუ ბანაკი“ გაიმართება ბაქსვუდის სკოლაში, წყნეთში, თბილისთან ახლოს 2017 წლის აგვისტოში.