აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ნოქალაქევში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისათვის საგანმანათლებლო - საველე ბანაკი მოაწყო

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, 2018 წლის 5-9 ივლისს სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისათვის „საგანმანათლებლო - საველე ბანაკი“ - კარვების ქალაქის სახით - მოაწყო. ბანაკის მუშაობაში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ  მოზარდებთან ერთად მონაწილეობდნენ ქ. თბილისის საჯარო სკოლების ის მოსწავლეები, რომლებმაც ცოტა ხნით ადრე სამინისტროს მიერ გამართულ ახალგაზრდულ  კონფერენციაში - „აფხაზეთი - წარსული და დღევანდელობა“ თავი გამოიჩინეს.

ბანაკმა 5 დღეს გასტანა და ამ ხნის განმავლობაში აქ მყოფი სულ 41 მოზარდისათვის განხორციელდა როგორც შემეცნებითი, ასევე სპორტულ-გასართობი შინაარსის აქტივობები. ამასთანავე, მოსწავლეები გაეცნენ ნოქალაქევის კომპლექსის ისტორიასა და მის არქიტექტურულ თავისებურებებს. ბოლოს ამ და სხვა თემებზე გაიმართა დისკუსიები და ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის?.

გარდა ამისა, მოზარდები დაესწრნენ  ამ ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიურ  სამუშაოებს, რომელსაც ბრიტანული ექსპედიცია ხელმძღვანელობს და  მიიღეს ინფორმაცია არქეოლოგიური სამუშაოების წარმოებისა და აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის დათარიღების შესახებ. მოაწყვეს ლაშქრობა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ ძეგლებზე, ბანაკის მიმდინარეობისას უწყვეტლივ ტარდებოდა ტრენინგ-სემინარები - სამოქალაქო განათლებისა  და ეტიკეტის საკითხებზე, რომელსაც წარმართავდნენ კოდის სათემო განათლების ცენტრისა და ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

ბანაკის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდები  უზრუნველყოფილი იყვნენ კვებით, საძილე ტომრებით, ე.წ. პარალონებით და კარვებით.