ფრანფკურტის საიუბილეო, 70-ე წიგნის ბაზრობა უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. წლეულს საქართველოს ფრანკფურტის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსი აქვს. შესაბამისად, საქართველოს პავილიონი 180 კვ. მეტრს იკავებს და წარდგება Georgia Made by Characters კონცეფციით.
წიგნის ცენტრის ინფორმაციით, საქართველომ ბაზრობაზე ქართული წიგნების 300-მდე თარგმანი წარადგინა, აქედან 130 წიგნი გერმანულ ენაზეა თარგმნილი. აქ 50 ქართველი მწერალი სხადასხვა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში 400-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი გერმანიის, ავსტრიის და შვეიცარიის სხვადასხვა ქალაქში.
ბაზრობაზე საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს სტენდზე ცალკე თაროები აქვს დათმობილი აფხაზეთის თემატიკაზე (მუსიკა, კულტურული მემკვიდრეობა, მეცნიერება და ა.შ) გამოცემულ ლიტერატურას.
დღეს აქ გაიმართა აფხაზეთიდან დევნილი მწერლების გურამ ოდიშარიას, გელა ჩქვანავასა და პოეტ ბესო ხვედელიძის გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია. მწერლებმა კონფლიქტის დამანგრეველ შედეგებსა და სამშვიდობო პოლიტიკის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გურამ ოდიშარიამ კი აღნიშნა: "მე ჩემს ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად აფხაზებთან ხიდს ვაშენებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არის ფასეულობები, რომელთაც ჩვენც ვაღიარებთ და აფხაზებიც. და ეს ფასეულობები უნდა შევკრათ. ფარნკფურტის წიგნის ბაზრობა ამის წარმოსაჩენად შესანიშნავ საშუალებას გვაძლევს. პრეზენტაციას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია.
ხვალ დაგეგმილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ძალისხმევით შექმნილი აფხაზური ენის შემსწავლელი დისკისა და აფხაზურ ენაზე თარგმნილი წიგნების პრეზენტაცია.