სოხუმის თეატრის მსახიობის კახაბერ შარაბიძის საიუბილეო საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნების და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის კახაბერ შარაბიძის 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო მოაწყო.


სოხუმის თეატრის მსახიობსა და ამავდროულად დირექტორს კახაბერ შარაბიძეს 2018 წელს დაბადებიდან 55, ხოლო თეატრში მოღვაწეობიდან 35 წელი უსრულდება. იგი 1983 წლიდან დღემდე ერთგულად ემსახურება სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, რომლის სცენაზეც არაერთი საინტერესო როლი და დასამახსოვრებელი სახე შექმნა სპექტაკლებში: „ერთი ცის ქვეშ,“ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მუნჯის ენა.“ ამჟამად კი იგი სპექტაკლში „იესოს საქმე“ მთავარ როლს ასრულებს.


საიუბილეო საღამოს ფონად გასდევდა კახაბერ შარაბიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალისგან მომზადებული ვიდეო-კოლაჟი. საღამოს უძღვებოდა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე. ხელოვანის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა გაიხსენეს და წარმოაჩინეს: აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ჯაიანმა, კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან ღვინჯილიამ, სოხუმის თეატრის მსახიობებმა - მერაბ ყოლბაიამ, ნუგზარ წერედიანმა, ჯულიეტა პაკელიანმა და სხვ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს კახაბერ შარაბიძეს, აფხაზეთის ა/რ მადლობის სიგელი გადასცა. ასევე, აფხაზეთის ა/ რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ კულტურის სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილის, მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისა და საზოგადოებრივი აქტიურობისათვის კახაბერ შარაბიძეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა.

კახაბერ შარაბიძის შემოქმედებითი საღამო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადეს აფხაზეთის საგუნდო კაპელის დუეტმა, მუსიკოსებმა ვაჟა ჩუბინიძემ და ანრი მერაბოვმა.


საღამოს მსახიობის ახლობლები, მეგობრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.