ფოტოკონკურსში - ,,აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“ - გამარჯვებულები გამოვლინდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ამ დღეებში ქვეპროგრამის - ფოტოკონკურსი: ,,აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“ შედეგები შეჯამდა და გამარჯვებულები გამოვლინდა. ქვეპროგრამა განახორციელა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურმა და გულისხმობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტომასალის მოპოვებას, ფირზე მათი ამჟამინდელი მდგომარეობის აღბეჭდვას.

კონკურსში მონაწილეობდნენ ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე მცხოვრები და საკითხით დაინტერესებული პირები. მათ თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აფხაზეთის ა/რ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ფოტოებზე აღბეჭდეს. ფოტოკონკურსის ფარგლებში შემოვიდა: ანაკოფიის ციხის; ახალი ათონის, ჭუბურხინჯის წმინდა გიორგის, ფიჩორის, სოფელ წარჩეს ეკლესიების; სათანჯოს ჯიხას; ალოიზის სასახლის და სხვა არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი ფოტო-მასალა. ფოტოკონკურსში გამარჯვებული პირების მიერ გამოგზავნილი ფოტოები მათ ამჟამინდელ მდგომარეობას ზუსტად აღწერს და გადმოსცემს. საგულისხმოა, რომ ანალოგიური ფოტომასალა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს არქივში არ მოიპოვებოდა. ფოტოკონკურსის ფარგლებში, სამინისტროში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები (3 გამარჯვებული კონკურსში) და ისინი მობილური ტელეფონით დააჯილდოვა.

პროექტის შედეგად განახლდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობებისათვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესი.