საქართველოს სახალხო არტისტის, დიმიტრი (დიმა) ჯაიანის, გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

დღეს საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის, ათეულობით წლების განმავლობაში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის, სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის, 2013 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი ჯაიანის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. დიმიტრი ჯაინის ოჯახის, ახლობელ-მეგობრების, თანამშრომლებისა და კოლეგებისთვის მის გარეშე ჩავლილი ტკივილიანი ერთი წელი გავიდა.


დიმიტრი ჯაიანი იყო პიროვნული ხიბლით გამორჩეული, ქარიზმატული, უდიდესი პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანი, რომელიც თავის სათქმელს როგორც როლებით, ისე საზოგადოებრივი მოღვაწეობით გამოხატავდა. მთელი მისი შემოქმედებითი ცხოვრება სოხუმის თეატრს უკავშირდებოდა და ძალიან ეამაყებოდა, რომ ამ თეატრის გარდა, სხვაგან არსად უმუშავნია. სოხუმის თეატრის დევნილობაში ფეხზე დაყენებისა და მისი წინამძღვრობის მისიაც განგებამ ხომ იმ უმძიმეს პერიოდში მასვე დააკისრა.


ცალკე აღინიშვნის ღირსია დიმიტრი ჯაიანის, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის როლი. მან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა სამინისტროს განახლებისა და აღორძინების გზაზე... 


დიმიტრი ჯაიანის გარდაცვალების დღეს მის უახლოეს ადამიანებს, კოლეგებსა და მეგობრებს, თანამშრომლებს ისევ განუახლდათ ტკივილი, ამ წუთისოფლიდან მისი ნაადრევად გასვლის გამო.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო