სტამბოლის კულტურის ცენტრში წიგნი ,,აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში" წარადგინეს

სტამბოლში, ნაზიმ ჰიქმეთის სახელობის კულტურის ცენტრში, მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის ,,აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის მოწყობის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრი.


პრეზენტაციაზე სიტყვებით გამოვიდნენ და წიგნისა და სტამბოლში მისი წარდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ფეჰმი უზალმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.


საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, ქართული დიასპორის წარმომადგენლები თურქეთში, გერმანიასა და საფრანგეთში მცხოვრებ აფხაზ დიდგვაროვანთა შთამომავლები.


,,აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში" დოკუმენტური ხასიათის წიგნია. ის 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ქვეყნიდან ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ადამიანებისა, რომლებიც ქართველ ემიგრანტებთან ერთად ცდილობდნენ საქართველო ბოლშევიკური ოკუპაციისგან დაეხსნათ. წიგნი თურქულ ენაზე თარგმნა ეკა ირემაძე-მელაშვილმა (ჰაჯერ ოზკან).


დარბაზში გამოფენილი იყო აფხაზი არისტოკრატებისა და მათი ოჯახის წევრების ფოტოები. აქვე უჩვენეს აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფილმი. 


პრეზენტაციის ბოლოს სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „იბერიამ“ კონცერტი გამართა. დასასრულ წიგნის ავტორმა ნატო მარშანიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრს საინტერესო საღამოს მოწყობისათვის, დამსწრე საზოგადოებას კი მობრძანებისათვის