აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ მოადგილეებთან ბესიკ ოდიშარიასა და ჯაბა ჯაიანთან ერთად სამინისტროს თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა. მილოცვას კიდევ უფრო მეტი საზეიმო ელფერი შესძინა სამინისტროს თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი ტრენინგების დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალმა, რომელშიც მონაწილეობდა ასევე ევროპის აკადემიური ცენტრის ტრენერი გიორგი გობეჩია.
საჯარო დაწესებულების საქმიანობის ეფექტიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თანამშრომლების კვალიფიკაციაზე. ამ რეალობის გათვალისწინებით წლეულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ თანამშრომელთა პერსონალური და პროფესიული უნარების განვითარებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ქვეპროგრამა „...თანამშრომელთა პერსონალური და პროფესიული უნარების განვითარების ტრენინგები“ განახორციელა.
სამინისტროს თანამშრომლებმა ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, თავიანთი მიმართულებებისა და პოზიციების მიხედვით გაიარეს გადამზადების შესაბამისი კურსები (ტრეინინგები). ტრენინგებს წარმართავდნენ ევროპის აკადემიური ცენტრის ტრენერები, რომელთა მიერ წარმოდგენილი პროგრამა პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების სრულყოფა/განახლებას ითვალისწინებდა.