მიმდინარე წლის 8 თებერვალს აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ, რომლებმაც იაპონიის საელჩოს მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯებისთვის. ხაზე გაესვა იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით რუხში მოწყობილი სასათბურე მეურნეობის მნიშნელობას რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებისა და საარსებო წყაროებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით. აღნიშნული სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობის დასათვალიერებლად იაპონიის ელჩი რუხში მიიწვიეს.
ასევე, საუბარი შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და იაპონიის საელჩოს შესაძლო სამომავლო თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. თავის მხრივ, იაპონიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრას საქართველოში იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი შინჯი სოიამა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია და შპს. საოჯახო მედიცინის ცენტრი „აფხაზეთის“ დირექტორი ლამზირა ზოდელავა ესწრებოდნენ.