აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

2018წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში სამმა უწყებამ, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა წარმოადგინა.

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით გვაძაბიამ განხორციელებულ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებზე ისაუბრა. პროექტების ძირითადი მიზანისახალხო დიპლომატიის გაძლიერება, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოება, დიალოგის გაღრმავება და მათ შორის ნდობის აღდგენა იყო.

მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო სტრუქტურის თანამშრომლების საქმიანობას და მათ მიერ განხორციელებულ პროექტებსა და აქტივობებში მათ ჩართულობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ მთავრობის წევრებს მისი უწყების მიერ აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით განხორციელებული პროგრამების შესახებ მოახსენა.

2018 წელს ჯანდაცვის სამინისტროს 4 მიზნობრივი პროგრამისა და მასში შემავალი 17 ქვეპროგრამის საშუალებით ბენეფიციარებმა 45 აუცილებელი სამედიცინო სერვისის მიღება შეძლეს. მათ შორის, ბირთვული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევები, ინსტრუმენტული გამოკვლევები, ორთოპედიული მომსახურება, სამკურნალო რეაბილიტაცია და აბილიტაცია, უშვილობის დიაგნოსტიკა და პრევენცია, მხედველობის ორგანოს სკრინინგული გამოკვლევა, ლაბორატორიულ-მორფოლოგიური კვლევები, სისხლის მიმოქცევის სისტემის სკრინინგული გამოკვლევები, კორონარული ანგიოგრაფია და პერიფერიული არტერიოგრაფია, მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება, C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამები უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური ჯანდაცვითი პროგრამების დაფინანსების მიღმა დარჩენილი მომსახურებების სრულ დაფინასებას, ხოლო ჰოსპიტალური მომსახურების მიმართულებით - 1000 ლარის ოდენობით.

გასულ წელს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში თბილისის წამყვანი სამედიცინო კლინიკების სპეციალისტების მხარდაჭერით 13 გასვლითი ღონისძიება მოეწყო. საერთო ჯამში მომსახურება 1918 ბენეფიციარმა მიიღო და მათზე ექიმის დანიშნულებით 47 226 ლარის ღირებულების უფასო მედიკამენტი გაიცა.

პროგრამების ფარგლებში დახმარება გაეწია ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ 500-ზე მეტ მოქალაქეს, 75-მდე შშმ პირს, 120-ზე მეტი სოციალურად დაუცველ მოქალაქესა და 150-ზე მეტ ვეტერანს. სულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოქმედი პროგრამებით 2018 წელს დახმარება გაეწია 3609 დევნილს.

2019 წლის პროგრამული ბიუჯეტის მიხედვით ამბულატორიული და ჰოსპიტალური დახმარების პროგრამა ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ ყველა მოქალაქეზე ვრცელდება, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ 2018 წელს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

2018 წელს ერთჯერადი მატერიალური დახმარებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 541 100 ლარი, რომელიც 2019 წელს გაიზარდა და 600 000 ლარი შეადგინა. მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 53 ობიექტს რომლის საერთო ღირებულებამ 39 000 ლარი შეადგინა.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განხორციელდა სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიებები და პროგრამები. მათ შორის, 18 მოზარდი ორთვიანი პროგრამით ესპანეთის სამეფოში გაემგზავრა. თბილისის 10 რაიონის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 137 დევნილ პენსიონერს თვალის კლინიკა „მედისონის“ მხარდაჭერით უფასო კონსულტაცია და თვალის პირველადი დიაგნოსტიკა ჩაუტარდა. ასევე, დეპარტამენტის თანამშრომლების უშუალო ჩართულობით განხორციელდა ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“.