საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გამოცემული კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მხარდამჭერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. კრებული აფხაზეთიდან ლტოლვილ საზღვარგარეთ მცხოვრებ 34 წარმატებულ ახალგაზრდაზე მოგვითხრობს.
წიგნის იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორია ნატო კორსანტია, რომელიც თავადვე უძღვებოდა პრეზენტაციას. მისი თქმით, „კრებულში თავს იყრიან აფხაზეთიდან ლტოლვილი ახალგაზრდები. ბევრ მათგანს დღეს ევროპას, აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წამყვანი პოზიცია უკავია, ბევრიც წარჩინებული სტუდენტია. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ საკუთარ სამშობლოშივე დევნილებად ქცეულმა ახალგაზრდებმა შეძლეს გზის გაკვლევა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სამსახურის მოძიება, ზოგ შემთხვევაში დამკვიდრებაც კი.
ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი განსაკუთრებული მიზანდასახულობითა და ნიჭიერებით გამოირჩევიან, რაც გვაიმედებს, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი სიტყვის თქმა იმ უდიდეს საქმეშიც, რასაც აფხაზეთის პრობლემის მოგვარება ჰქვია. ამიტომაც აუცილებელია, ვიცოდეთ, ვინ არიან ისინი, სად არიან და რას საქმიანობენ, აპირებენ თუ არა შინ დაბრუნებას? მიუწვდებათ თუ არა ხელი აფხაზეთთან დაკავშირებული ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში? აქვთ თუ არა ურთიერთობა აფხაზ თანატოლებთან?“
კრებული გამოიცა პროექტის „საინფორმაციო ბანკის შექმნა საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზეთიდან ლტოლვილ წარმატებულ ახალგაზრდებზე“ ფარგლებში.
პრეზენტაციაზე წიგნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, ცნობილმა ჟურნალისტმა მანანა კარტოზიამ, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გიგლა გობჩიამ, პუბლიცისტმა, პროფესორმა იოსებ ჭუმბურიძემ და სხვ.
საღამოს ესწრებოდნენ კრებულში შესული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, თავად ერთ-ერთი ახალგაზრდა ქეთი სულავა, დევნილი და არადევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.