დიმიტრი გულია აფხაზი ხალხის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალია. ის აღიარებულია, როგორც აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებელი. მან ფართო პედაგოგიური, კულტურულ-სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობით, დიდი წვლილი შეიტანა მშობელი ხალხის სულიერ განვითარებაში.
დიმიტრი გულია დაიბადა 1874 წლის 21 თებერვალს (ძველი სტილით 9 თებერვალს), სოხუმის რაიონის სოფელ უარჩაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. ბავშვობაში, მუჰაჯირობის დროს მისი ოჯახი, ათასობით აფხაზთან ერთად, თურქეთში გადაასახლეს, მაგრამ მოგვიანებით მამამისმა ოჯახის სამშობლოში დაბრუნება შეძლო.
დიმიტრი გულია გორის საოსტატო სემინარიაში სწავლობდა. ის გარკვეული პერიოდის განმავლობასი მასწავლებლად მუშაობდა. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი. XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს დიმიტრი გულიამ, პროფესორ სიმონ ჯანაშიასთან და სხვა სწავლულებთან ერთად, წარმოადგინა პროექტი აფხაზური დამწერლობის ლათინურიდან ქართულ გრაფიკაზე გადასაყვანად, თუმცა ამის განხორციელება ვერ მოხერხდა.
მასვე ეკუთვნის შრომები აფხაზურ ენაზე, ისტორიაზე, ეთნოგრაფიაზე, ქრესტომათია და სასწავლო სახელმძღვანელოები. 1919-1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის „აფსნის“ რედაქტორი იყო. 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი. 1925 წელს გამოსცა „აფხაზეთის ისტორია“, რუსულ ენაზე.
დიმიტრი გულია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა აფხაზეთის სოფლებში და ქალაქ სოხუმში. ამ სარბიელზე მან სახელი გაითქვა, როგორც აფხაზური ენის უბადლო მცოდნემ. 1924-1926 წლებში დიმიტრი გულია ივანე ჯავახიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიწვია აფხაზური ენის მასწავლებლად. ეს იყო აფხაზური ენის საუნივერსიტეტო საგნად შემოღების პირველი წარმატებული ნაბიჯი მსოფლიო უნივერსიტეტების ისტორიაში.
დიმიტრი გულია უპირველეს ყოვლისა იყო სახალხო პოეტი. მისი ლექსების კრებული აფხაზურ ენაზე 1912 წელს თბილისში დაისტამბა. მის ლექსთა პირველ კრებულებში (1912, 1913) წარმოსახულია აფხაზი ხალხის სწრაფვა თავისუფალი ცხოვრებისაკენ, სიძულვილი მჩაგვრელებისადმი, პოეტის ოცნება უკეთეს მერმისზე. მან ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აფხაზური პროზის განვითარებაში. მის კალამს ეკუთვნის ნოველა „უცხო ცის ქვეშ“ (1919 წ.) აფხაზურ ენაზე, ხოლო 1940 წელს პირველი რომანი „კამაჭიჭი“, რომლებშიც გამოხატა ცარიზმის მიერ დამონებული აფხაზების ცხოვრება, ქალთა უიმედო ბედი. 1937 წელს მას აფხაზეთის სახალხო პოეტის წოდება მიენიჭა.
დიმიტრი გულია ისტორიაში შევიდა როგორც მთარგმნელიც, მან აფხაზურ ენაზე თარგმნა „სახარება“, ქართველი მწერლების - ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დანიელ ჭონქაძისა და სხვათა ნაწარმოებები; განსაკუთრებით გამორჩეულია შოტა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მისეული თარგმანი.
საყოველთაოდ ცნობილია მისი გამონათქვამი: „აფხაზი, რომელიც სახლს აიშენებს და ქართველის ეზოსკენ არ გაჭრის ფანჯარას, ის აფხაზი არ არის“. ის ასევე აღნიშნავდა: „აფხაზეთი, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ცხოვრობდა მასთან ერთად ერთი ცხოვრებით მთელი ისტორიის მანძილზე, ორგანულად მონაწილეობდა ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის შექმნაში და ასრულებდა არსებით როლს ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ცალკეული ქართული ტომებისა და ოლქების გაერთიანებისთვის ბრძოლაში ერთიან, მძლავრ, ეროვნულ ქართულ სახელმწიფოდ“ (დ.გულია, ჩემი წიგნის “აფხაზეთის ისტორია” შესახებ).
დიმიტრი გულია გარდაიცვალა 1960 წლის 7 აპრილს გულირიფშის რაიონის სოფელ აგუძერაში, დაკრძალულია ქ. სოხუმში, მისი სახლ-მუზეუმის ეზოში.
თბილისში, ორთაჭალაში არის დიმიტრი გულიას ქუჩა, სადაც დგას დიმიტრი გულიას ძეგლი, რომელსაც ხშირად პატივს მიაგებს და ყვავილებით ამკობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის დევნილ საზოგადოებასთან ერთად.