21 თებერვალს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა ცნობილი აფხაზი მწერლისა და საზოგადი მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას დაბადების დღე ტრადიციისამებრ საინტერესოდ აღნიშნა.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ დიმიტრი გულიას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საუბრის შემდეგ მსმენელებს გააცნო სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობა აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის შესწავლასთან, აფხაზური ენის სახელმძღვანელოების გამოცემასთან დაკავშირებით.
დიმიტრი გულიას შემოქმედებაზე ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინე ტურავამ, საღამოზე მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა, სოხუმელმა თემურ ელიავამ და მისმა აღზრდილმა მომღერლებმა: საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა მარიკა გულორდავამ და კონსერვატორიის მაგისტრანტმა ლილი მაჭავარიანმა.
საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.