აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსთავის დრამატულმა თეატრმა დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სპექტაკლი - ,,დაბადების დღე“ წარმოადგინა

7 მარტს რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სპექტაკლი - ,,დაბადების დღე“ წარმოადგინა.

სპექტაკლის ჩვენება საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო.

პიესა ასახავს საქართველოს უახლესი წარსულის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის - 1993 წლის 27 სექტემბრის ბატალიებს; იმას, თუ როგორ იქცნენ ამ დღის გმირებად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მისი 50-მდე თანამებრძოლი, რომლებმაც უკანასკნელ წუთამდე არ დატოვეს მთავრობის შენობა და ამით ასობით მშვიდობიან მოქალაქეს სოხუმიდან გაღწევის საშუალება მისცეს.

პიესის ავტორია ნინო სადღობელაშვილი, რეჟისურა და სცენოგრაფია ეკუთვნის სოსო ნემსაძეს, კომპოზიტორი - მიშა მდინარაძე, კოსტუმების მხატვარი - ბიძინა სიდიანი, რეჟისორის თანაშემწე - ნაილი იაშაგაშვილი.

სპექტაკლის ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის დასს იმ ტრაგიკული მოვლენების შთამბეჭდავად და ემოციურად წარმოდგენისათვის და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

სპექტაკლის ჩვენებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტი მანანა ქვაჩახია, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.