„აფხაზური ენა დამწყებთათვის“, - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოსცა და რომლის პრეზენტაციაც ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა.
წიგნი აფხაზური ენის შესწავლის მსურველთათვის დამხმარე სახელმძღვანელოს წარმოადგენს. მასში მოცემული გაკვეთილები და თემები დაეხმარება მსურველებს, ისწავლონ წერა-კითხვა, სიტყვები და ფრაზები აფხაზურ ენაზე, შეიძინონ დიალოგისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი. წიგნის შემდგენლები არიან: თეიმურაზ გვანცელაძე, რიტა ამიჩბა-მარღანია და ირმა ოსია-კინწურაშვილი.
პრეზენტაციის მონაწილეებმა აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ წიგნი ხელს შეუწყობს აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას.
პრეზენტაციაზე აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე მინი-სპექტაკლი „ყელში მობჯენილი მონატრება“ წარმოადგინეს. ფერიის საჯარო სკოლისა და აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“. ასევე, აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები აფხაზურ ენაზე.
წიგნის პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძე, აჭარაში მცხოვრები აფხაზები და აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.