თბილისში სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 26 ქვეყნიდან ჩამოსული მეცნიერები, ქართული სამეცნიერო წრეების და დარგობრივი გაერთიანებების , საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, მისი მოადგილე და თანამშრომლები.
კონფერენციაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებულ გამოცდილება და მავნებლის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებები და მეთოდები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ, 2018 წელს, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ, 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში დამუშავებულია 790 000 ჰექტრამდე ფართობი. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში აზიურის ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და ასევე, ის წარმატებული გამოცდილება, რომელიც საქართველოს მავნებელთან ბრძოლის პროცესში გააჩნია.
კონფერენციის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფიტოსანიტარიული ზომების კომისიის სხდომაზე განიხილავენ. მავნებელთან ბრძოლის 2019 წლის პროგრამა მსოფლიოს და ქართველი წამყვანი მეცნიერების რეკომენდაციებს და 2017-2018 წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად მიღებულ გამოცდილებას ეფუძნება. პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა, მოსავლის დანაკარგებისა და ეკონომიკური ზარალის შემცირება.