აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ნატო მარშანიას წიგნის - „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ნატო მარშანიას წიგნის - „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის სამეცნიერო რედაქტორია გიორგი მამულია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საფრანგეთის სოციალურ კვლევათა უმაღლესი სკოლის (EHESS) დოქტორი. წიგნი გამოიცა აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ.

წიგნი დოკუმენტურ მასალაზეა აგებული და მოგვითხრობს 1921 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოდან დევნილი, ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მათ მცდელობაზე, ქართველ ემიგრანტებთან ერთად თავიანთი წვლილი შეეტანათ საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისაგან გათავისუფლებაში.

ნატო მარშანიას წიგნის - „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ განსაკუთრებულობაზე, მის მნიშვნელობასა და ისტორიულ ღირებულებაზე ისაუბრეს რუსუდან კობახიძემ, ქართული ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელმა და მკვლევარმა; რუსუდან დაუშვილმა, პროფესორმა და ისტორიის დოქტორმა; მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა; პაატა კოღუაშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა; ზურაბ პაპასკირმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა; ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ; ადა მარშანიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა; ირმა ირემაძემ, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის უფროსმა; ტატა ჩხოტუამ, რაფიელ ჩხოტუას შვილიშვილმა.

წიგნის გმირები, ავბედითი ისტორიის გამო სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული, საქართველოზე ფიქრსა და ოცნებაში აღსრულებული, თითქმის მივიწყებული ადამიანები: ვლადიმერ ემუხვარი, ივანე შერვაშიძე, ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუები, ვერონიკა და ჯოტო ემუხვარები, რაფიელ ჩხოტუა, მიხეილ და ჯოტო შარვაშიძეები, მერი შერვაშიძე, პეტრე მარღანია - დამსწრეთ საინტერესო შტრიხებით წარუდგინეს საღამოს წამყვანებმა - სალომე თორიამ და შალვა ბერიანიძემ.

დამსწრეთ ვიდეოჩანაწერებით მიმართეს დიდი ბრიტანეთიდან - ქრისტინა ჩხოტუამ, ნიკოლოზ ჩხოტუას შვილიშვილმა და აშშ-დან - ალექსამ, ივანე შერვაშიძის შთამომავალმა. მათ დიდი სიხარული გამოხატეს თავიანთი წინაპრების გაცოცხლების გამო, რისთვისაც დიდი მადლობა გადაუხადეს წიგნის ავტორს.

პრეზენტაციის მსვლელობისას წარმოდგენილი იყო ფრაგმენტები წიგნის გმირებისადმი სხვადასხვა დროს მიძღვნილი დოკუმენტური ფილმებიდან. ასევე უჩვენეს ნატო მარშანიას არზაყან ემუხვარზე დაწერილი წიგნის „ქედუხრელი რაინდი“ მიხედვით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტი, რომელმაც ცხადად მოიტანა საქართველოს ერთიანობისა და განუყოფლობისთვის დამაშვრალი და დევნილობაში აღსრულებული აფხაზი არისტოკრატების ცხოვრების ტრაგიზმი. და როგორც არაერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, სწორედ ესეც არის ნატო მარშანიას წიგნების მთავარი სათქმელი, როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს დაანახოს მათი წინაპრების ერთიანობის ოდინდელი განცდა, თუ რაზე იდგა ჩვენი ქვეყანა მის განუყოფელ აფხაზეთთან ერთად.

პრეზენტაციაზე მერი შერვაშიძისადმი მიძღვნილი გალაკტიონის ლექსი „მერი“ წაიკითხა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა მერაბ ყოლბაიამ; ხოლო მომღერალმა ბოკა კვეკვესკირმა პატრიოტული ჟანრის ქართული სიმღერები შეასრულა.

დასასრულ წიგნის ავტორმა ნატო მარშანიამ მადლობა გადაუხადა დამსწრეთ და იმ ადამიანებს, ვინც მას ამ წიგნის დაწერის დროს დაეხმარა და გვერდით დაუდგა.

პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა - „გარდასულ წელთა სახეები“, რომელიც აფხაზი არისტოკრატებისა და მათი ოჯახის წევრების ფოტოებს უყრის თავს.

პროექტის მხარდამჭერები არიან: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, კავკასიური სახლი.