საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავ კვირეულს აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლა სათითაოდ ეხმაურება. კერძოდ კი, სკოლებში, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ტარდება ღია გაკვეთილები თემაზე: „საქართველოს პირველი პრეზიდენტი“.
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას კვირეულის ფარგლებში ეწვია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ისტორიკოსი ჯემალ გამახარია. მან სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებს წაუკითხა ლექცია თემაზე: „9 აპრილი და საქართველოს პირველი პრეზიდენტი“. ჯემალ გამახარიამ დეტალურად აუხსნა მოსწავლეებს, თუ რატომ უწოდებენ 9 აპრილს ერთდროულად მწუხარებისა და დამოუკიდებლობის დღეს.
მოსწავლეებში მონათხრობმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ მოსმენილ საკითხებთან დაკავშირებით ისტორიკოსს ბევრი შეკითხვა დაუსვეს, რაზეც კვალიფიციური პასუხები მიიღეს.