9 აპრილი სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა.
30 წლის წინათ, 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილენი საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა.
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც ქართული სულის გამოღვიძების, თავისუფლებისა და თავგანწირვის სიმბოლო.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამ შეუქცევადი სახე მიიღო და 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.