საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და ზვიად გამსახურდიას იუბილეებისადმი მიძღვნილი ესსეების კონკურსებს 6 გამარჯვებული ჰყავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას (დაბადებიდან 75 წლისთავი) და ზვიად გამსახურდიას (დაბადებიდან 80 წლისთავი) იუბილეებთან დაკავშირებით აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებისათვის ესეების კონკურსი გამოაცხადა. ჟიული შარტავას იუბილისადმი მიძღვნილი კონკურსის სახელწოდება იყო - „მშვიდობის გზების ძიებისათვის“ - რა გვაშორებს და გვაახლოებს ქართველებს და აფხაზებს“, ხოლო ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი კონკურსისა კი - ,,ზვიად გამსახურდია - ეროვნული მოძრაობიდან - პრეზიდენტობამდე“.

აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლებიდან წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევრების შეჯამების შემდეგ, დებულების კრიტერიუმების გათვალისწინებით (თემასთან შესაბამისობა, საკითხის სიღრმისეული გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, ანალიზი, არგუმენტირება, ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი), წერის კულტურა) საგანგებოდ ამ კონკურსებისთვის შექმნილმა კომისიამ ხმათა უმრავლესობით სამ-სამი გამარჯვებული გამოავლინა. 
ესეების კონკურსში ,,მშვიდობის გზების ძიებისათვის“- რა გვაშორებს და გვაახლოებს ქართველებს და აფხაზებს“ გაიმარჯვეს: ანა კუკავამ - აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ; ანანო გუნიამ - ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ და გალის რაიონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლემ.

ესსეების კონკურსში ,,ზვიად გამსახურდია - ეროვნული მოძრაობიდან - პრეზიდენტობამდე“ კი გაიმარჯვეს: ანა ცირამუამ, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ; ქრისტინე პაპასქირმა, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ და გალის რაიონის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მოსწავლემ.