ბათუმში შავიზღვისპირეთის, მათ შორის აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პრობლემებზე და პერსპექტივებზე იმსჯელეს

ბათუმში შავიზღვისპირეთის, მათ შორის აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პრობლემებზე და პერსპექტივებზე იმსჯელეს

18 აპრილს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში გაიმართა II საერთაშორისო სემინარი თემაზე - „შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“.

სემინარზე წარმოდგენილი იყო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული კვლევის შედეგები. სემინარში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან.

სემინარს აჭარის ხელისუფლებასთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აჭარის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობასა და მათ მიმართ განხორციელებული პოლიტიკის შედეგების შესახებ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ.

დარბაზში გამოფენილი იყო მხატვარ დავით ბაძაღუას მიერ შექმნილი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ფერწერული ნამუშევრები. აქვე წარმოდგენილი იყო ბათუმელი მხატვრების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფერწერული ტილოები.