აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ იმერეთში აფხაზეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ზაზა ჩაჩავასთან ერთად ქ. ქუთაისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მხცოვანი პედაგოგი ციალა ბაკურაძე-დავითაია მოინახულა. სტუმრებმა პედაგოგს ხანგრძლივი ნაყოფიერი საქმიანობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი გადასცეს, დიდ ხანს სიცოცხლე უსურვეს და ყვავილები მიართვეს. ციალა ბაკურაძე-დავითაიამ მადლობა გადაუხადა მათ და მის მიერ განვლილ გზაზე უამბო.
ციალა ბაკურაძე-დავითაია დაიბადა 1936 წლის 1 მარტს ამბროლაურის რაიონის, სოფელ ზნაკვაში, სადაც ბავშვობის წლები გაატარა. 1954 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის ქალთა პირველი საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა აფხაზეთის გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1960 წელს წარჩინებით დაამთავრა.
ციალა ბაკურაძე-დავითაია 1960 წელს გიორგი (ჟორა) დავითაიასთან დაქორწინდა და მალე მუშაობა დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად გულირიფშის შ. რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლაში, სადაც 1993 წლამდე, აფხაზეთის ტრაგიკულ მოვლენებამდე მუშაობდა. ომმა სხვებთან ერთად ისიც იძულებით დააშორა საყვარელ სახლ-კარს და მას მერე შინ დაბრუნების იმედით ქ. ქუთაისში ცხოვრობს.