თბილისის საგუნდო მუსიკის IX საერთაშორისო ფესტივალის მორიგი კონცერტი დიმიტრი ჯაინის სახელობის დარბაზში გაიმართა

თბილისის საგუნდო მუსიკის IX საერთაშორისო ფესტივალი წლეულს, 4 აპრილს სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა. ფესტივალის დირექტორმა მაია ჩაჩავამ გახსნისას ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რიგით მე-9 ფესტივალზე 11 კონცერტი გაიმართებოდა.

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის უცვლელი მონაწილეა გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა. ტრადიცია არც წლეულს დარღვეულა და აფხაზეთის კაპელა, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, 8 მაისს კვლავაც დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გამართულ ფესტივალზე მსმენელთა წინაშე წარსდგა. მათ ჩვეული ვირტუოზულობით შეასრულეს: Samuel Barber - ,,Agnus Dei”; ზვიად ბოლქვაძე - ,,რა ამაო ყოფილა”; Cucco Penia - ,,Bomba E”; გომარ სიხარულიძე - ,,ჩარი რამა” (არანჟირება ზვიად ბოლქვაძისა).

კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი; თელავის ქალთა კამერული გუნდი - ,,კახეთის ჰანგები”; ბათუმის ქალთა კამერული გუნდი და გორის ქალთა კამერული გუნდი.

თბილისის საგუნდო მუსიკის IX საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 14 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება და მასში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელაც გამოვა.