აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მონაწილეობით, აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა. აფხაზეთის დღედ 23 მაისი - სვიმონ კანანელის ხსენების დღე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაწესდა.
ღონისძიებაზე გამოფენილი იყო „XIX საუკუნის აფხაზეთი ფოტოებში“ და აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მასალა. გაიმართა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია, ასევე, მასტერკლასები კალიგრაფიაში, ხატვასა და დიზაინში.
ჩატარდა სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები ძირითადად ქალებისა და ბავშვებისათვის.
ბოლოს გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, აფხაზეთის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „გუმბათი“, დავით ილურიძის ბენდი და ვოკალისტები ცნობილი კომპოზიციებით.
აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დაწყებისა და ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილი საზოგადოება მამა მალხაზმა დალოცა.
დამსწრეთ ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
ღონისძიების მოწყობის მხარდამჭერები იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, რუხის სავაჭრო ცენტრი და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.