საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში ქართველ და აფხაზ მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში ლიკა ტორიკაშვილმა, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში, პარლამენტში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და აფხაზური ენის შესწავლის საკითხებზე იმსჯელეს.

ამ შეხვედრისთვის საგანგებოდ ჩამოვიდნენ აჭარიდან სოფელ ფერიის საჯარო სკოლის აფხაზი და ქართველი მოსწავლეები, ასევე მოსწავლეები აფხაზეთიდან. მათ აფხაზური სიმღერები შეასრულეს და აფხაზურ ენაზე ლექსები წაიკითხეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ მოსწავლეებს ჯემალ გამახარიასა და ლია ახალაძის ავტორობით გამოცემული წიგნი „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ გადასცა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტის შენობა, კინოდარბაზში კი შეხვდნენ და ესაუბრნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გენადი მარგველაშვილს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ლია გიგაურს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს მანანა ქვაჩახიას და მოადგილეს ირმა კეკელიძეს, გალის რესურსცენტრის უფროსს ნონა შონიას და სხვ.

შემდეგ მოსწავლეები ეწვივნენ პრეზიდენტის სასახლეს, სადაც მათ უმასპინძლეს.