აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში ბავშვთა და მოზარდთა ქართულ-აფხაზური ფოლკლორული ფესტივალი გამართა.
ფესტივალში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები, რომლებმაც ქართული და აფხაზური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.
ქართულ-აფხაზურ ფოლკლორულ ფესტივალს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლები და ნორჩი ხელოვანების ოჯახის წევრები და მეგობრები.
დასასრულ კონცერტის წამყვანმა შალვა ბერიანიძემ სცენაზე უხმო ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეებს, ქორეოგრაფებსა და ხელმძღვანელებს, რომელთაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილემ ჯაბა ჯაიანმა.
როლანდ ნიჟარაძემ მადლობა გადაუხადა როგორც შემსრულებლებს, ისე მათი ოჯახის წევრებსა და მასწავლებლებს ამ მოზარდების სიყვარულით აღზრდისათვის და აღნიშნა: „სასიხარულოა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა კონცერტი დაიწყეს და დაასრულეს აფხაზური ცეკვით. ეს დასტურია იმისა, რომ სწორედ ისინი გაამრთელებენ სიყვარულის ხიდს, რომელზეც მალე ყველანი ერთად გავივლით. სიყვარულის ძალას ირწმუნებენ აფხაზებიც და ისევ გავერთიანდებით.“
ინფორმაციისთვის, ფესტივალში მონაწილეობდნენ:
- ქ.თბილისის მერიის ხელოვნების №7 სკოლასთან არსებული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერიონი“, ქორეოგრაფი ბადრი უგრეხელიძე;
- ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლი „დიდლომისა“, სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი დევი ადეიშვილი;
- აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია „ხალისი“, ქორეოგრაფები სერგო გეგეჭკორი და ელგუჯა ქირია;
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ანსამბლი „შარათინ 1,“ ქორეოგრაფი ოლია წურწუმია;
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ქართული ხალხური ცეკვის ჯგუფი „ალაშარა“, ქორეოგრაფი მაია მახარობლიძე და დავით ჭანტურია;
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის ფოლკლორული ჯგუფი „აგუძერა“, ხელმძღვანელი ნათია ბედენაშვილი;
- აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული გოგონათა ფოლკლორული გუნდი „გუმბათი“, ხელმძღვანელები: სოფიო ქირია და სოსო კიკვაძე.