სოხუმის თეატრმა კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცების“ პრემიერა გამართა

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის „მთვარის მოტაცების“ პრემიერა გამართა. სპექტაკლი რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ კონსტანტინე გამსახურდიას ამავე სახელწოდების რომანის „მთვარის მოტაცების“ თამაზ გოდერძიშვილისეული ინსცენირების მიხედვით დადგა. მხატვარია ანა ნინუა, რეჟისორის თანაშემწე სვეტლანა გოგოხია. სპექტაკლი ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

სპექტაკლში თარაშ ემუხვარის, თამარ შერვაშიძისა და არზაყან ზვამბაიას როლებს ასრულებენ: ნიკა წერედიანი, ნინო შავგულიძე და ჯანო იზორია. სხვა პერსონაჟების სახეებს ქმნიან: ეკატერინე არჩაია, ბადრი ბეგალიშვილი, დათო ბერაძე, იზოლდა ბოკუჩავა, გიორგი გასვიანი, გია გოგიშვილი, ვერიკო კალანდია, ჯულიეტა პაკელიანი. მარინა სოლომონია, მერაბ ყოლბაია, მარიამ ყოლბაია, კახა შარაბიძე, ლელა შარაბიძე, სანათა ძაძამია, ნუგზარ წერედიანი, ედემ ხვიჩია.

„მთვარის მოტაცების“ პრემიერას მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. სპექტაკლის ბოლოს მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ აღნიშნა: „მე ამ სპექტაკლით აფხაზეთში დავბრუნდი, იმ გარდასულ სამყაროში დავბრუნდი“.

ამასთანავე, სპექტაკლი სოხუმის თეატრის ჯერ კიდევ აფხაზეთიდან გამოყოლილმა თუ აქ შეძენილმა მაყურებელმა დიდი ოვაციებით მიიღო.