აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე ბათუმში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებთან და აჭარის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქ. ბათუმში, ე.წ. „ბენზეს“ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები მოინახულა. რუსლან აბაშიძე აქ მცხოვრები დევნილების საცხოვრებელ პირობებს, პრობლემებს გაეცნო და მათ, საჭიროებისამებრ, დახმარებას შეჰპირდა.

შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი პროგრამა „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა. კერძოდ, დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისათვის აფხაზეთიდან დევნილმა მხატვრებმა, აჭარის მხატვართა კავშირთან ერთად ხატვისა და ქართული კალიგრაფიის მასტერკლასები მოაწყვეს; აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი მიმართულების როკ-ჯგუფმა „ოცნებამ“ კონცერტი გამართა; სენაკის თოჯინების თეატრმა „მიმინომ“ სპექტაკლი წარმოადგინა; მოზარდებისთვის ჩატარდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი ვიქტორინა; ბავშვები გაართეს ასევე ანიმატორებმა და ზღაპრების გმირებმა. დამსწრეთ საჩუქრად გადაეცათ ცენტრის მიერ გამოცემული ჟურნალები: „რიწა“ და „იალქანი“,გენო კალანდიასა და აზა ბასლანძის პოეტური კრებულები.

ბოლოს დასახლებაში მცხოვრებმა ბავშვებმა სიმბოლურად ცაში ჰელიუმის ფერადი ბუშტები გაუშვეს. ორგანიზატორები მათ ნაყინითა და გამაგრილებელი სასმელით გაუმასპინძლდნენ. შეხვედრა დიდი ემოციებითა და კვლავ შეხვედრის სურვილით დასრულდა.