აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები ვაზიანის სამხედრო ბაზას ეწვივნენ


15 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები მოსწავლეები ვაზიანის სამხედრო ბაზას ეწვივნენ. კონკრეტულად კი მათ ვაზიანის მეხუთე საარტილერიო ბრიგადის შენობა-ნაგებობები დაათვალიერეს. სტუმრობის მიზანი იყო მოზარდებში სამხედრო საქმისა და სამხედრო სამსახურის პოპულარიზაცია.

მოსწავლეებს მეგზურობას უწევდა ვაზიანის მეხუთე საარტილერიო ბრიგადის ოფიცერი დავით გოგოლაძე. მოსწავლეები პირველად ბაზაზე არსებულ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად აღმართულ მემორიალურ დაფასთან მივიდნენ. შემდეგ დევნილმა ახალგაზრდებმა დაათვალიერეს სამლოცველო და ბიბლიოთეკა, ლაზარეთი და სპორტული მოედნები, ასევე ვაზიანის ბაზის ტერიტორიაზე სასწავლო წვრთნის ფარგლებში წარმოდგენილი სპეცტექნიკა და სამხედრო იარაღი.

მოსწავლეებს ახლდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანაშემწე მალხაზ კორძახია და მეხუთე ბრიგადის ოფიცრები.