ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა

2019 წლის 18 ივლისს ქ.თბილიში სასტუმრო ROOMS HOTELS-ის საკონფერენციო დარბაზში, პროგრამის ,,სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დიალოგისაკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება“  ფარგლებში, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია - მრგვალი მაგიდა  თემაზე ,,აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პროფესორების, დოქტორანტების და მაგისტრანტების ჩართულობა ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში.

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებზე, იმ გამოწვევებსა და დაბრკოლებების გადაჭრის გზებზე, რომელიც თან ახლავს თანამედროვე რეალობას.  აფხაზეთის  საკითხებზე მომუშავე პროფესორებმა, დოქტორანტებმა, მაგისტრანტებმა, პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს  რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატზე, ე.წ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებასა და ვითარებაზე აფხაზეთში, საინფორმაციო ომსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე,  საქართველოს როლზე გეოპოლიტიკურ სივრცეში, „გაყინულ“ ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტებზე და საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებაზე, პოსტკონფლიქტურ  აფხაზეთზე და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში სახალხო დიპლომატიის როლზე.

მონაწილეებს გადაეცათ პროექტის ფარგლებში მომზადებული საკონფერენციო მასალების კრებული, რომლითაც ისარგებლებენ აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ორგანიზაციები და საზოგადოების წევრები. აღნიშნული მასალები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე როგორც სამშვიდობო რესურსი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში.  

შეხვედრის დასასრულს გაიმართა ფილმის ,,ხიდი“ ჩვენება და  დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საჭოს დეპუტატები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, უმაღლესი სასწავლებლები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები მიეწოდებათ შესაბამის ინსტიტუციებს.