აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დევნილი მოზარდებისთვის „სამშვიდობო საზაფხულო ბანაკი“ გახსნა

2019 წლის 29 ივლისს აჭარაში, ქ. ქობულეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, ტრადიციული „სამშვიდობო საზაფხულო ბანაკი“ გახსნა.

ბანაკი აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული სკოლების მოსწავლეების დასვენების, სწავლისა და გართობის საინტერესო პროგრამას ითვალისწინებს.

8 დღის განმავლობაში ბანაკში მოზარდებისთვის საგანმანათლებლო, შემეცნებითი, კულტურული და სპორტული აქტივობები გაიმართება. მნიშვნელოვანი აქცენტი სამშვიდობო განათლების, კონფლიქტოლოგიის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და გარემოსდაცვითი მიმართულების ტრენინგებს, თემატურ ვორკშოპებსა და თამაშებს დაეთმობა.

უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პარტნიორობას უწევს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი SENN-ი. ბანაკის პერიოდში ასევე დაგეგმილია საინტერესო შეხვედრები და ვიზიტები.