აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ამ ომის ციფრებით გამოხატული ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: დაღუპული - 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო, 14 პოლიციელი და 3 ჟურნალისტი; დაჭრილი - 1 747 ადამიანი... 150 000 იძულებით გადაადგილებული ადამიანი, რომელთაგან 30 ათასი დღემდე დევნილია...
„8 აგვისტოს ომის შემდეგ 1992-1993 წლებში დაკარგულ ტერიტორიებს კოდორის ხეობა და შიდა ქართლის ათეულობით სოფელი მიემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. საქართველო ვერასოდეს დაივიწყებს ამ დღეს და ვერასოდეს შეეგუება არსებულ რეალობას, ვიდრე ამ ტერიტორიებს არ დაიბრუნებს“, - განაცხადა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ.