აჭარაში, ქ. ქობულეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ დევნილი მოზარდებისათვის მოწყობილი „სამშვიდობო საზაფხულო ბანაკი“ დასრულდა. ბანაკი აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული სკოლების მოსწავლეების დასვენების, სწავლისა და გართობის საინტერესო პროგრამას ითვალისწინებს. ბანაკს ორგანიზებას უწევდა სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური.
„საზაფხულო სამშვიდობო ბანაკის“ ფარგლებში მოსწავლეები ჩართული იყვნენ საგანმანათლებლო, კულტურულ-შემეცნებით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში. სამინისტროს პარტნიორობას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი უწევდა. ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემებზე: სამშვიდობო განათლების მთავარი პრინციპები და ღირებულებები, კონფლიქტოლოგია, ადამიანის უფლებები, ახალგაზრდული პოლიტიკა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სხვ. ასევე იმართებოდა მინი-ლექციები და თემატური სავარჯიშოები გენდერული თანასწორობის, სტიგმასა და სტერეოტიპების, კომუნიკაციის, ტოლერანტობის, ეკო განათლების მიმართულებით.
„საზაფხულო სამშვიდობო ბანაკის“ ფარგლებში შედგა ვიზიტი საზოგადოებრივ კოლეჯში „ახალი ტალღა“. მოსწავლეები გაეცნენ პროფესიული სწავლების სპეციფიკას, კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, პროფესიული გადამზადების მიზნობრივ პროგრამებს, რამაც ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
ბანაკის მონაწილეები ეწვივნენ ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სადაც აჭარის რეგიონში არსებული დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.
ბანაკის პროგრამა არა მარტო სწავლების, არამედ გართობისა და დასვენების კომპონენტისგან შედგებოდა. იმართებოდა კულტურულ-შემეცნებითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები (დილის ვარჯიში, სპორტული შეჯიბრებები, შემოქმედებითი საღამოები და სხვ).
ბანაკის დასასრულს დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა. საღამოს სტუმრობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ბანაკის ყველა მონაწილეს ,,საზაფხულო სამშვიდობო ბანკი 2019“-ის მონაწილისა და ,,მწვანე ბანაკის“
სერტიფიკატები გადაეცა.