აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებასთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი და ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთში 27 წლის წინათ, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და მალე ის რუსეთის ღია აგრესიაში გადაიზარდა. ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი, ხოლო აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული გახდა.