აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში აცხადებს კონკურს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებაზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) კონკურსანტი უნდა იყოს აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
ბ) ასაკი არ აღემატება 35 წელს;
გ) მოპოვებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამაზე;
დ) სწავლობს უცხო ქვეყნის კანონდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.
დაფინანსების საფუძველია მაღალი აკადემიური მოსწრება - GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 3.0, ან 100 ქულიანი შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 81-90 ან (B), ან მინიმუმ ძალიან კარგი ან შესაბამისი ქულა განსხვავებული შეფასების სისტემის შემთხვევაში, ან ქულობრივი შეფასების სისტემის არარსებობის შემთხვევაში გასულ სასწავლო წელს დაგეგმილი აკადემიური სამუშაოს შესრულების ოფიციალური შეფასება.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლები;
ბ) CV/რეზიუმე;
გ) სამოტივაციო წერილი (ფონტი - sylfaen; ფურცლის ზომა-A4; შრიფტის ზომა - 11; ინტერვალი - 1,5; მოცულობა- არანაკლებ 200 და არაუმეტეს 300 სიტყვისა);
დ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის წერილი;
ე) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დიპლომი;
ვ) უცხოეთის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის მეორე ან მომდევნო კურსის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და განვლილი სასწავლო წლის ან/და სემესტრის შეფასების ფურცელი.
ზ) ორი რეკომენდაცია დაწერილი ლექტორის მიერ (ბოლო ექვსი თვის ვადით გაცემული);
თ) დოკუმენტი სემესტრულად/წლიურად სწავლის საფასურის შესახებ;
ი) ნაშრომების, კვლევებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე სიგელების/სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
(უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები განიხილება მხოლოდ სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად ქართულ ენაზე)
დაფინანსება გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის სრულად ან ნაწილობრივ (სემესტრულად).
პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური ან/და ე.წ. „Executive“სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას.
მოქალაქეთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით;
საკონკურსო ვადაში დაინტერესებული პირების მიერ განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა იწარმოებს ელექტრონულ მისამართზე apkhazeti@mes.gov.ge ან/და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ. N 68.
განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება და დამატებითი დრო საბუთების წარმოდგენისათვის არ განისაზღვრება.