აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამართულ ღონისძიებაში ,,ბალტიის ჯაჭვი-30’’ მონაწილეობა მიიღო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი, აგრეთვე საქართველოში ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ამავე საელჩოების დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები.
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს თანამშრომლები.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველსა და მეორე კორპუსებს შორის გაკეთდა „ცოცხალი ჯაჭვი“, რომელიც სიმბოლურად „ბალტიის გზას“ გამოხატავდა.
როგორც საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა, „ცოცხალი ჯაჭვი“ არის იმის მაგალითი, რომ თუ ადამიანები გაერთიანდებიან და ექნებათ ერთი მიზანი, ისინი შეძლებენ ბოროტებისა და ყველანაირი აგრესიის დამარცხებას.