რეზო ქობალია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე მანუჩარ ჩილაჩავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის მოადგილე ვალერი თოდუა, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განყოფილების უფროსი გელა ვეკუა მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დევნილთა ჩასახლებებში არსებული ინფრასტრუქტურის, ფართების დაკანონების, სტრატეგიული ობიექტებიდან დევნილთა გამოყვანის და მათი შემდგომი განსახლების საკითხები  განიხილეს. შეთანხმდნენ ერთობლივად მოახდინონ პრობლემების იდენტიფიკაცია და კოორდინირებულად გადაწყვიტონ ყველა საკითხი.

შეხვედრის მონაწილეები ჩხოროწყუში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს შეხვდნენ. მოინახულეს აფხაზეთიდან დევნილი ტყებუჩავების ოჯახი, რომელთაც ხანძრის შედეგად სახლი დაეწვათ. ასევე, იმყოფებოდნენ ყოფილი საგზაო სამმართველოს შენობაში, სადაც დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას ქარის შედეგად  სახურავი დაუზიანდა.

იმავე დღეს რეზო ქობალია და მანუჩარ ჩილაჩავა  ზუგდიდში, კომბინატში, უნივერსიტეტის შენობის კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდნენ, სადაც ქარმა ასევე დააზიანა შენობის სახურავი. ობიექტზე აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.