რუსთავში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალაქ რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

დევნილებმა უფასოდ მიიღეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მომსახურება, ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები, ასევე C ჰეპატიტის და შიდსის სკრინინგი.

სპეციალისტებს შორის იყვნენ კლინიკა „ღია გულის“, რუსთავის მედიცინის სახლი - N1 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრისა და საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმები.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია და რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი ესწრებოდნენ.