აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების მიღება გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დიმა ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლებიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ ახალგაზრდებთან და მათ შორის ოქროს და ვერცხლის მედალოსნებთან შეხვედრა გამართა.

ახალგაზრდებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. ამასთანავე მათ მედალოსან კურსდამთავრებულებს მედლები საზეიმოდ გადასცეს.

შეხვედრას აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.