თურქეთში მცხოვრებმა ჩვენებურებმა დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში შემოქმედებითი საღამო გამართეს

პროექტის - „ქართულ-აფხაზური სამუსიკო დიალოგი“ ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ანსამბლ ,,შავნაბადას“ მოწვევით, თბილისს, თურქეთში მცხოვრები ქართველების, აფხაზების, ოსებისა და კავკასიის სხვა ერების წარმომადგენლები ეწვივნენ.

სტამბოლში მცხოვრები ემიგრანტის, პროზაიკოსისა და პოეტის, კაფე ,,გალაკტიონის“ დამფუძნებლის ირაკლი კაკაბაძის თაოსნობით, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში რამდენჯერმე მოეწყო ქართულ-აფხაზური მუსიკის მასტერკლასები, რომელსაც ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დათო ცინცაძე უძღვებოდა. ამავე ვიზიტის ფარგლებში, სტამბოლში ერთ-ერთ პროტესტანტულ ტაძარში ქართულ-აფხაზური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელსაც აფხაზები, ქართველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

ქართული მუსიკისადმი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვის მიზნით, ამჯერად უკვე ჩვენებურები, რომელსაც ანსამბლი ,,კავკასიელი არწივები“ წარმოადგენს (ხელმძღვანელი ზურაბ ტარიელაძე), 19 ოქტომბერს საქართველოს ეწვივნენ. სამი დღის განმავლობაში მასპინძლებმა სტუმრებს თბილისის არერთი ღირსშესანიშნაობა დაათვალიერებინეს. ბოლოს კი ,,კავკასიელმა არწივებმა“ და „შავნაბადამ“ ერთობლივი კონცერტი გამართეს. კონცერტს უძღვებოდა „შავნაბადას“ სამხატვრო ხელმძღვანელი დათო ცინცაძე. მან დამსწრეთ ამაღელვებელი ისტორია მოუთხრო იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ ანსამბლ ,,კავკასიელი არწივების“ წევრმა ბურაქ ალქანმა (თოდნაძე) მეორე წევრს - აიშე ოლგუნს (თავაძე) ხელი საგანგებოდ ჯვრის მონასტრის ეზოში სთხოვა. საგულიხმოა, რომ ახალგაზრდებს საცხოვრებლად საქართველოში სურთ გადმოსვლა. დამსწრეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელით მიესალმა მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი.

საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები ვახტანგ ყოლბაია და გია გვაზავა, ლიტერატურისა ხელოვნების წარმომადგენელები, დევნილი და არადევნილი საზოგადოება.