საქართველოს შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში შოთა რუსთაველისა და გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატის, გამორჩეული ხმისა და სათქმელის პოეტის შოთა ნიშნიანიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოს მხარდამჭერი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. აქვე შედგა პრეზენტაცია პოეტის ახალი კრებულისა, რომელშიც მისი აქამდე გამოუქვეყნებელი პოემები შევიდა.
ნიშანდობლივი იყო, რომ დიმიტრი ჯაიანის დარბაზის მონიტორზე გავიდა ჩანაწერი, რომელზეც თავად დიმიტრი ჯაიანი შოთა ნიშნიანიძის აფხაზეთისადმი მიძღვნილ, აფხაზურ-ქართული ოდინდელი ნათესაური ურთიერთობის ამსახველ ლექსს „აფხაზურ კანტატას“ დიდი ემოციითა და სითბოთი კითხულობს. საიუბილეო საღამო გახსნა და შოთა ნიშნიანიძის პოეზიაზე ისაუბრა პოეტმა, შოთა ნიშნიანიძის ახალი პოეტური კრებულის ერთ-ერთმა შემდგენელ-რედაქტორმა მაყვალა გონაშვილმა. მან აღნიშნა, რომ შოთა ნიშნიანიძე დღესაც განსაკუთრებით უყვარს ახალგაზრდობას, რაც პოეტის უკვდავების დასტურია. „შოთა ნიშნიანიძის, აფხაზეთზე განსაკუთრებულად შეყვარებული და მისადმი მიძღვნილი არაერთი შესანიშნავი ლექსის ავტორის საიუბილეო საღამოს ჩვენი სამინისტროს თანადგომით გამართვა ჩვენთვის განსაკუთრებით პატივია“, - აღნიშნა გამოსვლისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ.
საღამოს უძღვებოდნენ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები. შოთა ნიშნიანიძის ლექსები ჩვეული ოსტატობით წაიკითხა მსახიობმა მურმან ჯინორიამ. შოთა ნიშნიანიძეზე, როგორც შესანიშნავ პოეტსა და პიროვნებაზე, ისაუბრეს მისმა კოლეგებმა, მეგობრებმა, ცნობილმა მწერლებმა და პოეტებმა. საღამოს მუსიკალურ თანხლებას უწევდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“.
საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ შოთა ნიშნიანიძის ოჯახის წევრები, რომლებმაც ბოლოს დიდი მადლობა გადაიხადეს პოეტის ასე ლამაზად გახსენებისთვის.