წყალტუბოში მცხოვრები დევნილი მოზარდებისათვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა

ქალაქ წყალტუბოში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოზარდებისათვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა.

ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე,  აფხაზეთიდან დევნილმა მხატვრებმა, იმერეთის მხატვართა კავშირთან ერთად ხატვისა და ქართული კალიგრაფიის მასტერკლასები მოაწყეს; მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სახალისო კონკურსებსა და ინტელექტუალურ-შემეცნებით ვიქტორინებში;  ბავშვების ხალისიან განწყობაზე  ანიმატორებმა და სხვადასხვა ზღაპრის გმირებმაც იზრუნეს. ასევე დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ გამოცემული წიგნები და ჟურნალები გადაეცათ ; ორგანიზატორებმა კი მოზარდებს სამახსოვროდ მაისურები წარწერით „მე ვარ აფხაზეთი“ დაურიგეს. დასასრულს ბავშვებმა ცაში ფრანები და ფერადი ბუშტები გაუშვეს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით  გაიმართა. .

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა ესწრებოდნენ.