აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის სახალხო პოეტის დიმიტრი გულიას 145 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის, აფხაზეთის სახალხო პოეტის დიმიტრი გულიას 145 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

დიმიტრი გულია იყო მრავალმხრივი მოღვაწე: მან უდიდესი წვლილი შეიტანა აფხაზური კულტურისა და ლიტერატურის განვითარებაში, კ. მაჭავარიანთან ერთად, რუსული გრაფიკის საფუძველზე, შეადგინა აფხაზური ანბანი, ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი, იყო პირველი აფხაზური გაზეთის „აფსნის“ რედაქტორი, 1922-1924 წლებში ივანე ჯავახიშვილის მიწვევით ასწავლიდა აფხაზურ ენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ა. შ.

დიმიტრი გულიას ამ და სხვა დამსახურებებზე აფხაზი ხალხის ისტორიაში ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

აფხაზი პოეტისა და მოღვაწის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ლექსები და ფრაგმენტები წაიკითხეს მსახიობებმა თამარ ცქვიტინიძემ, გიორგი კაჭახიძემ და ნიკოლოზ ფაიქრიძემ. ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერები შეასრულეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთი, კვარტეტმა „აფხაზეთი“, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტალურმა ანსამბლამა „გუმბათი“. დიმიტრი გულიას ლექსები აფხაზურ და ქართულ ენებზე წაიკითხეს აფხაზეთის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნანა ძიძარიამ და ალექსი ბასარიამ. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ წარმოადგინა აფხაზური ხალხური ცეკვა. შემოქმედებითი საღამოს რეჟისორი იყო გიორგი თავაძე. საღამოს მომზადებაში მონაწილეობდნენ სამინისტროს თანამშრომლები: მანონ ბულისკერია, ნატო კორსანტია, კახაბერ ძაძამია, გიორგი ფარცვანია.