აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამა - ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, აფხაზეთის საჯარო სკოლებში სპეციალურ ქვეპროგრამას ახორციელებს.

პროგრამა ითვალისწინებს სკოლებში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, მოსწავლეებში აქტიური მოქალაქის უნარ-ჩვევების განვითარებას და მათ აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ოთხი ინიციატივა, კერძოდ:

აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში - „ადამიანის უფლებები არაფორმალური განათლებით“. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლების კლუბი „ამრა“, რომელიც მოსწავლეების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას ემსახურება. ამ მიზნით თემსა და სკოლაში ჩატარდა ტრენინგები, გაიმართა საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, მოეწყო ფილმების ჩვენება-განხილვა და ა.შ.

აფხაზეთის №10 საჯარო სკოლაში - „მოხეტიალე წიგნები“, რომლის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში გაიმართა სოციალური ქსელის გამოწვევა - „ჩემთვის საინტერესო ჟანრის წიგნები“, რომელშიც მოსწავლეები და თემში დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ. გამოწვევა ერთი კვირა გაგრძელდა. დასახელდნენ საინტერესო ავტორები და გაიმართა დისკუსია. მკითხველები წიგნებს წაკითხვის შემდეგ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას აბრუნებდნენ, საიდანაც სხვა დაინტერესებულ პირებს მიჰქონდათ, კითხულობდნენ და ისევ აბრუნებდნენ. გაიმართა წაკითხული წიგნების პრეზენტაცია, ლიტერატურულ- შემეცნებითი ვიქტორინა, სალონური საუბრები და დისკუსიები.

აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის პროექტი - ,,სასმელი წყალი ზამთარ-ზაფხულ“ ჯანსაღი გარემოს შექმნას ემსახურება. სუფთა და უსაფრთხო წყლის მნიშვნელობაზე სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია. სკოლა ჭით სარგებლობდა, კამპანიის შემდეგ კი ბავშვების ინიციატივით სკოლამ წყლის ორი დისპენსერი შეიძინა. ამის შემდეგ მოსწავლეებს მუდმივად განახლებული, უსაფრთხო სასმელი წყალი მიეწოდებათ.

აფხაზეთის №12 საჯარო სკოლის ინიციატივა - ,,ჩემი, შენი, ჩვენი წიგნი“ წიგნის პოპულარიზაციისა და საბიბლიოთეკო კულტურის დანერგვას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში სკოლაში არსებული წიგნის ფონდი შეივსო, მოსწავლეებმა საყვარელი ლიტერატურული გმირები გააცოცხლეს, ბავშვებმა თემში წიგნიერების დონის შესახებ კვლევა ჩაატარეს. გამართეს მშვიდობიანი აქცია „დავუბრუნოთ სიცოცხლე წიგნებს“ და სკოლის ბიბლიოთეკაში არსებულ დახეულ, თითქმის მაკულატურად ქცეულ წიგნებს ახალი სიცოცხლე შესძინეს. პროექტის შედეგად, მოსწავლეები და თემში მცხოვრები ადამიანები ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს გაეცნენ. ყოველივე აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს კვლევითი, სოციალური, შემოქმედებითი, სააზროვნო და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები განუვითარდათ.