გურამ ვეკუა ეილატში მიმდინარე ძალოსნობის ტურნირის ევროპის ჩემპიონი გახდა

აფხაზეთის მე–15 საჯარო სკოლის მე–10 კლასის მოსწავლე გურამ ვეკუა ისრაელის ქალაქ ეილატში მიმდინარე ძალოსნობის ტურნირის ჭაბუკთა შორის (15 წლამდე) ევროპის ჩემპიონი გახდა. მან 118, 122 და 126 კილოგრამი დაძლია და გამარჯვება მოიპოვა.

ახალგაზრდა ძალოსანმა მეორე მისვლაზე საქართველოს რეკორდი 2, ხოლო ევროპის სარეკორდო ზღვარი 1 კილოგრამით გაზარდა, მესამე მისვლაზე კი სპორტსმენმა ევროპის რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა.

გურამ ვეკუა აკვრაშიც საუკეთესო იყო. ძალოსანმა 144, 148 და 151 კილოგრამი დაძლია და აქაც ოქროს მედალი დაისაკუთრა. ძალოსანმა ყველა მისვლაზე ევროპის რეკორდი დაამყარა და ორჭიდის ჯამში მოგროვებული 277 კილოგრამით ოქროსმედალოსანი გახდა, რაც ასევე ევროპის რეკორდს უდრის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ულოცავს გურამს ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს.