დავით ფაცაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

მიმდინარე წლის 12-13 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა მინისტრის მოადგილე გია ბულისკერია ბორჯომისა და ლიკანის სანატორიუმებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრი ადგილზე გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ მძიმე სოციალურ ვითარებას, მოისმინეს დევნილთა პრობლემატური საკითხები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.  შეხვედრაზე მინისტრი დავით ფაცაცია დევნილ მოსახლეობას  იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და განხორციელდება მომავალში.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს თან ახლდა აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები, რომლებმაც დევნილ მოსახლეობას ადგილზე გაუწიეს სამართლებრივი კონსულტაცია და დახმარება. დევნილებთან შეხვედრების პარალელურად ბორჯომში დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობების თავჯდომარეებთან ერთად ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრა-ტრეინინგი გაიმართა მუნიციპალიტეტის შენობაში. ტრეინინგის მონაწილეებს გადაეცათ „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“.
შეხვედრას მასპინძლობდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენელი ირინა არბოლიშვილი